UNIVERSITY
OF GEORGIA

Tamaz Beradze Institute of Georgian Studies


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების კორპუსი, I
მოკლე აღწერა: ძველი ქართული მწერლობა, გარდა ორიგინალური ლიტერატურული ძეგლებისა, მდიდარია აგრეთვე ნათარგმნი ძეგლებით, მათ შორის– ჰაგიოგრაფიული თხზულებებით. ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლების შესწავლის მეთოდების დახვეწამ და ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ახალმა კვლევებმა ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის კვლევისათვისაც ახალი პერსპექტივები გააჩინა. ცნობილია, რომ წმინდანთა ცხოვრება-წამების ამსახველი კიმენური (პრემეტაფრასული) და მეტაფრასული თხზულებების ქართული თარგმანები ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის განვითარების სხვადასხვა ეტაპს თითქმის სინქრონულად ასახავს. ეს კი ქართულ თარგმანებს სხვადასხვა თვალსაზრისით საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ქართული, არამედ ბიზანტიური ლიტერატურის შესწავლისათვის და, ასევე, ქართული და ბიზანტიური მწერლობის როგორც ცალკეული მოვლენების – და ამ მწერლობათა ურთიერთმიმართების მედიევისტიკის საერთო კონტექსტში განხილვისათვის. აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი პროექტით ივარაუდება ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის კორპუსზე მუშაობის დაწყება, რაც სამომავლოდ სხვა თხზულებათა ანალოგიური მეთოდით დამუშავებასა და დეტალურ კვლევას გულისხმობს. წინამდებარე მრავალწლიანი პროექტის მიზანი მისი განხორციელების პირველ სამწლიან ეტაპზე, კერძოდ, 2025-2028 წლების პერიოდში: ა) ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი უძველესი ჰაგიოგრაფიული ტექსტების – ბაბილა ეპისკოპოსის წამება; თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრება; სოფიას წამება – შესწავლა რამდენიმე მიმართულებით: ქართული თარგმანის განხილვა ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის კონტექსტში თუ თარგმანის ენისა და თარგმანის ხასიათის ქართული ენის ისტორიული განვითარების საერთო სურათში მოქცევა, და ბ) დასახელებულ თხზულებათა გამოსაცემად მომზადება, ვრცელი სამეცნიერო-კრიტიკული აპარატის დართვით, რაც თავისთავად, მრავალგვარ ინტერსს დააკმაყოფილებს. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი ტექსტების კიმენური რედაქციები გამოცემულია, თუმცა შერჩევითად, კონკრეტული ხელნაწერების მიხედვით, და არა– ჩვენამდე მოღწეული ყველა წყაროს გათვალისწინებით. რაც შეეხება მეტაფრასულ რედაქციას, გამოცემულია მხოლოდ ერთი თარგმანი, გელათური თარგმანი, მეორე კი – თეოფილე ხუცესმონაზონისა (Ivir.geo.20, 1071 წ.) – მკითხველისთვის დღემდე არ ყოფილა ხელმისაწვდომი. ამდენად, ჰაგიოგრაფიული ძეგლების არსებული გამოცემები და კვლევები ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის არასაკმარის, ხშირ შემთხვევაში, არასწორ სურათს იძლევა და, რაც მთავარია, აბრკოლებს შემდგომ კვლევებს. სვიმეონ მეტაფრასამდელი კიმენური რედაქციებისა და გამეტაფრასებული ჰაგიოგრაფიის ტიპოლოგიური კვლევა, ისევე, როგორც ტექსტების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებებზე დაკვირვება და კვლევის შედეგების განზოგადება, მნიშვნელოვან სიახლეს შეიტანს შუა საუკუნეების ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის კვლევაში და უფრო ნათლად დაგვანახებს, ერთი მხრივ– რას გულისხმობს ტექსტის გამეტაფრასება, რა პრინციპით წარიმართება ეს პროცესი, ასევე, რამდენად ერევა ტექსტში მთარგმნელი, და, მეორე მხრივ – რა მახასითებლებით განსხვავდება ერთი ბერძნული რედაქციიდან დროის დაახლოებით ერთსა და იმავე მონაკვეთში შესრულებული ორი განსხვავებული ქართული თარგმანი ერთმანეთისგან. გამოსაცემი პუბლიკაციის სტრუქტურა: ა) შესავალი. ბ) კვლევა (დეტალურად იხ. ქვემოთ). ბ) ტექსტის კრიტიკული ან დიპლომატური გამოცემა (წყაროს ტიპის მიხედვით): ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ქართული თარგმანის თავდაპირველი ან მასთან ახლოს მდგომი, ადრეული ტექსტი. გამოსაცემად მომზადებულ პუბლიკაციაში ერთად იქნება წარმოდგენილი თხზულებათა როგორც კიმენური, ისე მეტაფრასული (ორი მეტაფრასული) რედაქცია, ასევე – სვინაქსარული საკითხავები; აპარატში ასახული იქნება როგორც ხელნაწერთა, ასევე – არსებულ გამოცემათა კითხვა-სხვაობები. გ) კომენტარები დალექსიკონი – გამოსაცემად მომზადებულ თითოეულ ტექსტის დართული ექნება კომენტარები – ცალკეული ფრაზების, პასაჟების, ციტატების განმარტებები, ძველქართულ ძველბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი. დ) ტექსტის ინგლისური თარგმანი. ე) რეზიუმეები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვ) ბიბლიოგრაფია და საძიებლები – საკითხთან დაკავშირებული სრული ბიბლიოგრაფია; პირთა, გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
ხელმძღვანელი: მრევლიშვილი ნანა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები: გულიაშვილი სოფიო,ჯიქურაშვილი თინათინ
საკითხის აქტუალობა: ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების კომპლექსური კვლევა დღემდე რა განხორციელებულა. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს შესასწავლი მასალის სრული აკადემიური გამოცემების მომზადება.
მოსალოდნელი სიახლე: საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის სიახლეები, რომლებსაც პროექტი მითითებული სამეცნიერო საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს: ა) ადრინდელ გამოცემებში გამოყენებული წყაროების გარდა, პროექტი წარმოაჩენს და გამოავლენს შერჩეული ტექსტების ახალ წყაროებს. ბ) თხზულების გამოსაცემად მომზადებისას პირველად იქნება გამოყენებული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის ის მეთოდი, რომელიც კრიტიკული ტექსტის დასადგენად სამივე ტექსტის ბერძნული წყაროს გამოყენებას გულისხმობს, ასევე ტექსტების გამოსაცემად მომზადებას კიმნური და მეტაფრასულირედაქციების პარალელურად წარმოდგენით. გ) ტექსტის წარმომავლობის კვლევისას გათვალისწინებული იქნება თხზულებათა ტექსტუალური ტიპი (პრემეტაფრასული (კიმენური) / მეტაფრასული რედაქცია), მისი ენა და სტილური მახასიათებლები. დ) კრიტიკულ აპარატში ასახული იქნება, აგრეთვე, აქამდე არსებული გამოცემების კითხვა-სხვაობებიც. ე) ტექსტები გამოიცემა ვრცელი ფილოლოგიური კვლევით, რაც ტექსტების აქამდე არსებულ გამოცემებში არ იყო წარმოდგენილი. ვ) ტექსტების ცალკეული რედაქციებისათვის ცალ-ცალკე მომზადდება ძველქართულ ძველბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონები, რაც მთარგმნელთა ინდივიდუალურ (მადიფერენცირებელ) მახასიათებლებზე მსჯელობის საშუალებას მოგვცემს. ზ) ტექსტებს დართულიექნება კომენტარები. თ) პუბლიკაციას დართული ექნება ტექსტების ინგლისური თარგმანები.
სავარაუდო გეგმა: პირველი ეტაპი - 2025-2028 სამი ტექსტის გამოსაცემად მომზადება. მომდევნო ეტაპებისთვის ტექსტები შეირჩევა მათი სპეციფიკური მახასიათებლებისა და სხვა მეთოდოლოგიურად გამართლებული პრინციპით (ქრონოლოგიური, ჟანრობრივი, შინაარსობრივი თუ სხვ.)
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი
დაწყება: 2025-03-10
დასრულება: 2028-03-10
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

CONTACT

2 55 22 22
77a, M. Kostava str.