საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში
მოკლე აღწერა: ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებები მრავალმხრივ ღირებული ნაწილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის. პროექტის მიზანია შეიქმნას ფუნდამენტური ნაშრომი ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებებზე შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. ესაა პირველი მცდელობა მონოგრაფიულად იქნას გამოკვლეული ქართველოლოგიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხი, რის თაობაზეც დღემდე არსებული ცოდნა ძალზე მწირია და ფრაგმენტული. მისი განხორციელებით საგრძნობლად გაფართოვდება და გაღრმავდება ცოდნა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებასა და აგრეთვე ბიზანტიასა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან მის კულტურულ-პოლიტიკურ კონტაქტებზე. პროექტის განხორციელებით მივიღებთ სოლიდურ მონოგრაფიულ ნაშრომს შესავალი ტექსტით, ქართველ წმინდანთა ბიოგრაფიებით, მათი გამოსახულებების ილუსტრირებული სამეცნიერო კატალოგითა და შემაჯამებელი ტექსტით. იგი გამოადგება როგორც სპეციალისტებს, ისევე უფროსკლასელებს, სტუდენტებს და ნებისმიერ პიროვნებას, ვინც დაინტერესებულია ქრისტიანული საქართველოს ისტორიითა და ხელოვნებით. ნაშრომი დაიბეჭდება წიგნად და მისი ელექტრონული ვერსია ჩაერთვება ონლაინ მიმოქცევაში.
ხელმძღვანელი: ბურჭულაძე ნინა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ამ შინაარსის საგანგებო ნაშრომი დღემდე არ არსებობს ქართულ მეცნიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ მრავალი საუკუნის განმავლობაში წმინდანებად შერაცხული ადამიანების რაოდენობა განსაკუთრებულად დიდია მცირერიცხოვანი ერისთვის, მათი დასის ქრონოლოგია უაღრესად ფართოა ( ახ. წ-ის I საუკუნეა ქვედა ზღვარი) და რომ მათზე არსებობს მდიდარი ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურა, რომელიც მეცნიერულად კარგა ხანია რაც საფუძვლიანად არის შესწავლილი. ამ ფონზე, ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებები ძალზე ფრაგმენტულად, ამოკრებით და სხვა რომელიმე საკითხთან მიმართებითაა განხილული. და ეს მაშინ, როცა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების საგანძურში მრავლადაა ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებები. პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მისი მიზანია შეძლებისდაგვარად სრულად შეიკრიბოს და გამოკვლეულ იქნას შუა საუკუნეების ეროვნულ წმინდანთა ის გამოსახულებები, რომლებიც ტაძრების ფასადებზე თუ ინტერიერში ქვისგანაა გამოკვეთილი, ოქრო-ვერცხლისგან ნაჭედ ხატებზეა წარმოდგენილი, კედელებზე, ხის დაფებსა თუ წიგნის ფურცლებზეა ნახატი. აქტუალურია ისიც, რომ მათი მოძიება და კვლევა მოხდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ არსებულ მონასტრებსა და მუზეუმებშიც - იქ, სადაც ისინი თავიდანვეა შექმნილი ან სხვადასხვა დროსა და გარემოებაშია მოხვედრილი (იგულისხმება სინას და ათონის მთები, იერუსალიმი, სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის მუზეუმები). პროექტზე მუშაობისას გამოყენებული სამეცნიერო კვლევები და წერილობითი წყაროები გამოყენებული იქნება როგორც ამ კონკრეტული საკითხის, ისევე ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ბიბლიოგრაფიის შედგენისთვის. პროექტის აქტუალობა იმითაცაა განპირობებული, რომ მისი თემატიკა შემხებლობაშია თამაზ ბერაძის ქართველოლოგიის ინსტიტუტის სხვა სამეცნიერო პროექტთან „ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობის კორპუსი“, რომლის ავტორია ზვიად ტყეშელაშვილი და რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენი კვლევის შედეგები.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ მონოგრაფიულ ნაშრომს, რომელშიც შეტანილი იქნება მაქსიმალური სისრულით მოძიებული უკვე ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და ზოგიც აქამდე სრულიად უცნობი გამოსახულებები, რომლებიც გაანალიზებული იქნება იკონოგრაფიულ-სტილური მეთოდებითა და რა თქმა უნდა, ზოგადი, ქრისტიანული კულტურის კონტექსტით. ამასთან ნაშრომში შემოთავაზებული იქნება გამოსახულებების შექმნის გეოგრაფიული არეალის, მათი ტოპოგრაფიისა და იმ პროგრამულ-თეოლოგიური ასპექტების ანალიზიც, რის გარეშეც შეუძლებელია სრულად იქნას გააზრებული ეროვნულ წმინდანთა გამოსახულებების მნიშვნელობა არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობითი მეცნიერებისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს ისტორიისთვის, ვინაიდან ჩვენი კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს ახლებურად დავინახოთ და შევაფასოთ ამ ისტორი(ებ)ის ცალკეული მოვლენები და საკითხები.
სავარაუდო გეგმა: პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე შეიკრიბება მასალა საქართველოს მასშტაბით, მოხდება მისი კლასიფიკაცია, აღწერა, ანალიზი და კატალოგიზაცია. პარალელურად დამუშავდება სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები. შედგება ბიბლიოგრაფია აღნიშნულ საკითხზე; მეორე ეტაპზე, დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე შევკრებ მასალებს უცხოეთში დაცულ გამოსახულებებზე და შევეცდები ადგილზე მოვინახულო გამოსახულებები ორიგინალებზე ვიზუალური დაკვირვების, ფოტოგრაფირებისა და დეტალური ააღწერისთვის. პარალელურად ვიმუშავებ საარქივო მასალებზე, მათ შორის საარქივო ფოტოებზე, რადგან ზოგიერთი გამოსახულება მხოლოდ ფოტოების სახითღაა დარჩენილი. მესამე ეტაპზე თავი მოეყრება წინა წლებში შეკრებილ მასალას, მოხდება მისი კვლევა იკონოგრაფიულ-სტილური თვალსაზრისით, შედგება ხელთ არსებული ძეგლებისა და საარქივო მასალების კატალოგი და დაიწერება შესავალი ტექსტი და მონოგრაფიის დასკვნითი ნაწილი. საბოლოოდ მომზადდება წიგნის მაკეტი. პროექტის სამივე ეტაპზე დაიწერება სამეცნიერო სტატიები კონფერენციებისა და პუბლიკაციებისთვის - სავარაუდოდ 2-2 თითოეული წლის განმავლობაში.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის კულტურის, ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის დეპარტამენტი
დაწყება: 2022-09-14
დასრულება: 2025-09-14
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ნაშრომის ცალკეული ნაწილები გამიზნულია, რომ შევიდეს ჩვენივე ინსტიტუტის მკვლევარის, ზვიად ტყეშელაშვილის პროექტში, რაც მოითხოვს მასზე მუშაობას ბატონ ზვიადთან კოლაბორაციით. ამასთან, უცხოეთში არსებულ გამოსახულებებზე სამუშაოდ აუცილებელი იქნება თანამშრომლობა სინას წმ. ეკატერინესა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრების, ათონის ივირონისა და კარაესის მონასტრების წინამძღვრებთან და ბერძენ და რუს ხელოვნებათმცოდნეებთან, ვის სამეურვეოსაც წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესო ხატები თუ კედლის მხატვრობის ნიმუშები სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებში. პროექტის განხორციელება მოითხოვს, რომ მასში ჩართული იყოს საკუთრივ საქართველოში (თბილისში, ქუთაისში, მესტიაში, თელავში) არსებული მუზეუმების ექსპონატები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების კედლებსა თუ საგანძურებში დაცული ნაკლებად ცნობილი გამოსახულებები. ამავე მიზნით საჭირო იქნება თანამშრომლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, სადაც საკმაო რაოდენობითაა დაცული ჩვენთვის საინტერესო გამოსახულებები. ამ მიზნით აუცილებელია მუშაობა საპატრიარქოსა და ეროვნულ არქივსა და ბიბლიოთეკაშიც.
პუბლიკაცია: პროექტზე მუშაობის შედეგები პერიოდულად გაშუქდება სამეცნიერო კონფერენციებზე და გამოქვეყნდება სტატიები სახით (სავარაუდო რაოდენობა 6 ), ნაშრომის საბოლოო სახე კი იქნება ბეჭდური და ელექტრონული წიგნი.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა