საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება
მოკლე აღწერა: საქართველო ლითონების მოპოვებისა და მხატვრულად დამუშავების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ლითონებისგან დამზადებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობები არქიტექტურის სფეროს შემდეგ წამყვან ადგილს იკავებს ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში როგორც ანტიკურ ხანაში, ისევე შუა საუკუნეებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლითონზე პლასტიკის ხელოვნებას შუა საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანული ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი ჯვარ-ხატები და ლიტურგიული ჭურჭელი დიდი რაოდენობით მზადდებოდა ეკლესიის საჭიროებისთვის. ქართული ჭედური ხელოვნებისადმი მიძღვილი ყველაზე ვრცელი ნაშრომი ეკუთვნის გიორგი ჩუბინაშვილს, მაგრამ მისი ფუნდამენტური გამოკვლევა დაწერილია ძირითად რუსულ ენაზე და 1959 წელს არის გამოცემული. მას მერე, ამ სფეროში, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორთა მიერ (კ. მაჩაბელი, ლ. ხუსკივაძე, თ. საყვარელიძე, რ. ყენია, ნ. ბურჭულაძე) გამოქვეყნებულია რიგი კვლევებისა, რომლებმაც გააღრმავა ბატონი გიორგის ნააზრევი ცალკეულ ძეგლებთან, ძეგლთა ჯგუფებთან, თემებთან და განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ეს მეცნიერული სიახლე ჯერ არ არის კომპლექსურად გააზრებული, გააანალიზებული და თავმოყრილი. ჩემს მიერ საგანგებო პუბლიკაციაზე მუშაობისას (იხ. „ქართული ხატები“ – 2016 წ.) თავად მომიწია ახლებურად განმეხილა და გამეაზრებინა ჭედური ხატების მთელი რიგი (თამარ მეფის ჯვრის XIII ს-ის ორკარედი ბუდის, უშგულის XII ს-ის ღვთისმშობლის ხატის, XVI-XVII სს-ის ე.წ. „კახეთის საოქრომჭედლო სკოლის“ ხატების ჭედური პერანგებისა და ჩარჩოების გამოსახულებები) და მათ შორის ქართული საგანძურის ისეთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი როგორიცაა ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ამ უძველესი (VI-VII სს), კომბინირებული ტექნიკით შესრულებული, მრავალშრიანი ნაწარმოების კვლევისას აღმოჩნდა ბევრი ძალზე საყურადღებო ფაქტი, რაც რადიკალურად ცვლის შეხედულებას მის იკონოგრაფიულ სახეობაზე და კორექტირებასაც ახდენს მისი წარმომავლობის და ისტორიის შესახებ დამკვიდრებული შეხედულებების თვალსაზრისით. ნათქვამიდან გამომდინარე სადღეისოდ საჭირო ჩანს ახალი, მონოგრაფიული ნაშრომის შექმნა ქართულ ჭედური ხელოვნებაზე.
ხელმძღვანელი: ბურჭულაძე ნინა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ზემოაღნიშნულის გარდა, ჩვენი ნაშრომის აქტუალობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ არ არსებობს ქართულ ჭედურ ხელოვნებაზე დაწერილი სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი, რომელიც სტუდენტებისთვის იქნეოდა ადვილად ხელმისაწვდომი და გამოადგებოდათ მათ ამ დარგის ადვილად შეთვისებისთვის. სამეცნიერო წრეებისთვის განკუთვნილი, სპეციფიკური ლექსიკითა და ტერმინებით შედგენილი ტექსტები ხშირ შემთხვევაში ძნელად გასაგებია და დასამახსოვრებელია ბაკალავრიატისა თუ მაგისტრატურის კურსების შემსწავლელთათვის. ნაშრომის სიახლე იქნება ისიც, რომ მასში სასულიერო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი იქნება საერო ხელოვნების მცირედ შემონახული, მაგრამ ძალზე საყურადღებო ძეგლებიც.
მოსალოდნელი სიახლე: დაგეგმილი წიგნის შედგენისა და გამოცემის შემდეგ მივიღებთ კარგად ილუსტრირებულ სახელმძღვანელოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის და ხელოვნების მოყვარული ფართო საზოგადოებისთვის. რომელსაც კომერციული თვალსაზრისითაც ექნება სარგებელი. მასში თავმოყრილი იქნება მაქსიმალურად სრული ბიბლიოგრაფია ქართულ ჭედურ ხელოვნებაზე (მათ შორის ნაკლებად ცნობილ ან სრულიად უცნობ ნიმუშებზე) და ტერმინთა საძიებელიც. სახელმძღვანელო გამოდგება საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ახალი საგნის შემოღებისა და სწავლებისთვის, რომლის სახელწოდებაც იქნება - „შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება“.
სავარაუდო გეგმა:
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: საბაზისო განათლების პროგრამა
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-03-15
დასრულება: 2023-09-15
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 16411 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: 16411 ლარი
დონორისგან მიღებული თანხა: 16411
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ნაშრომი მიიღებს სახელმძღვანელოს სახეს როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელოვნების პროფილით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა